რუსთავში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, რუსთავში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორ ლევან სუხიტაშვილთან ერთად, რუსთავში, მე-7 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში, გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება ერთმანეთთან ხიდით დაკავშირებულ ორივე კორპუსს, შეკეთდება სახურავი და განახლდება ფასადი. გარემონტდება საკლასო ოთახები, სველი წერტილები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ადმინისტრაციული ნაწილი, ფოიე, სასადილო, სააქტო და სპორტული დარბაზები.
სკოლაში მოეწყობა კომპიუტერული ქსელი, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, ექიმის კაბინეტი, სახანძრო უსაფრთხოების, გათბობის, წყალარინებისა და ელექტროგაყვანილობის ახალი სისტემა.
შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. ორივე კორპუსში მოეწყობა პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები.
დაგეგმილია სკოლის ეზოს განახლებაც, სადაც მოსწავლეთა სოციალური ადაპტაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის უზრუნველყოფისთვის, რეკრეაციული და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაა გათვალისწინებული.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება 5 556 605 ლარია.
პროექტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.