ქალაქ ბოლნისის N3 საჯარო სკოლას რეაბილიტაცია უტარდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით, ქალაქ ბოლნისის N3 საჯარო სკოლაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, შენობას გამაგრებითი სამუშაოები უტარდება, რემონტდება შენობის სახურავი და ფასადი, იცვლება წყალსაწრეტი მილები. რეაბილიტირდება საკლასო ოთახები, სველი წერტილები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ადმინისტრაციული ნაწილი, ფოიე, სააქტო და სპორტული დარბაზები.

პროექტის ფარგლებში, სკოლაში ეწყობა კომპიუტერული ქსელი, სახანძრო სიგნალიზაციის, წყალარინებისა და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა. გათბობის ახალი სისტემისთვის კი შენდება საქვაბე, იცვლება კარ-ფანჯარა, განათება და იატაკი.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი.

სკოლა ადაპტირებული გახდება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის, მოეწყობა ლიფტი, პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები. აღსანიშნავია, რომ სკოლის შიდა ეზოში დემონტაჟი უტარდება ამორტიზებულ შენობა-ნაგებობებს.

მე-3 სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ დირექტორი ლევან სუხიტაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანია და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლონგინოზ გასანოვი გაეცნენ.

სკოლის რეაბილიტაციისთვის 3 000 000 ლარამდეა გამოყოფილი და სამუშაოების დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.