აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი: უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია

საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გუშინ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ეხმაურება.

განცხადებაშია ნათქვამი, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია.

„კარგი ახალი ამბები, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს და ასევე საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია“, – ნათქვამია სენატის განცხადებაში.

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა  რეკომენდაციები ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას,დეკემბერში მიიღებენ.

ბლოკში გაერთიანებისკენ ამ დროისთვის 10 ქვეყანა ისწრაფვის: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 8 ქვეყანას აქვს მინიჭებული: უკრაინას, მოლდოვას, ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სერბეთსა და თურქეთს.