თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში თვითრეგისტრაციის ჯიხურები (Self-Check in Kiosks) განთავსდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, მსოფლიოში ცნობილი ფრანგული ბრენდის, EASIER-ის ჯიხურები მგზავრებს აძლევს შესაძლებლობას, გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, თავად დარეგისტრირდნენ რეისზე, აირჩიონ ადგილი და დაბეჭდონ ჩასხდომის ბარათი.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამჟამად თვითრეგისტრაციის ორი ჯიხური ფუნქციონირებს, რომლითაც სარგებლობა პირველ ეტაპზე მხოლოდ ორი ავიაკომპანიის მგზავრებს შეუძლიათ. ავიაკომპანიების რიცხვი, რომელთა რეისებზე რეგისტრაციას მგზავრები დამოუკიდებლად შეძლებენ, ეტაპობრივად გაიზრდება.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, თვითრეგისტრაციის ჯიხურების მწარმოებელი ფრანგული კომპანია EASIER-ი, გლობალური ქსელის მეშვეობით, მსოფლიო მასშტაბით, მაღალი ხარისხის პროდუქციითა და მრავალფეროვანი სერვისებით უზრუნველყოფს როგორც საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტის ოპერატორებს, ისე საჯარო ინსტიტუციებს.