ვლადიმერ კახაძემ თემატური მოკვლევის ფარგლებში ზეპირი მოსმენა გამართა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი საგანმანათლებლო დაწესებულებებში სანიტარულ-ჰიგიენური და სკოლის ექიმების ნორმების დაცვის პრაქტიკისა და არსებული გამოწვევების შესწავლის თაობაზე თემატურ მოკვლევას ატარებს, რომლის ფარგლებშიც თემატური მოკვლევის მთავარმა მომხსენებელმა ვლადიმერ კახაძემ დღეს ზეპირი მოსმენა გამართა.

შეხვედრა სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის საკითხებს ეძღვნებოდა.

„მოკვლევის პროცესში ჩართულები არიან მეცნიერები, რომლებიც წამყვან დაწესებულებებს წარმოადგენენ. დღეს ამ ჯგუფში ასევე ჩაერთო საერთაშორისო ორგანიზაცია UNICEF-ის წარმომადგენელი. შეხვედრაზე ვისაუბრეთ სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ამ მიმართულებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების შესახებ. მოგეხსენებათ, ახლა მიმდინარეობს ახალი სკოლების მშენებლობა და არსებული სკოლების მოდერნიზაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ჩვენი მიზანია, რომ მოკვლევის ჯგუფმა წლის ბოლოსთვის ისეთი რეკომენდაციების პაკეტი შექმნას, რომელიც სისტემის განახლებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ვლადიმერ კახაძემ.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ: UNICEF – ის წარმომადგენელი ნანა ფრუიძე, გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი რევაზ კობახიძე და დირექტორის მოადგილე ქეთევან დადიანი.