„მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, ველოდებით დეზინფორმაციის და ყალბი ნარატივების ფართომასშტაბიან კამპანიებს, პროვოკაციებს, არეულობის და არასტაბილურობის, არასწორი აღქმების შექმნის მცდელობებს“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ელჩების კონფერენცია 2023-ზე სიტყვით გამოსვლის დროს.
მისი თქმით, სირთულეების მიუხედავად, სწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგად, ვინარჩუნებთ მშვიდობის და უსაფრთხოების იმ დონეს, რაც საჭიროა ჩვენი ხალხის კეთილდღეობის გაზრდის, ეკონომიკის გაძლიერებისა და ქვეყნის განვითარებისთვის.
„ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ 2024 წელს იმედიანად შევეგებოთ. თუმცა, იმასაც ვაცნობიერებთ, რომ დამდეგი წელი რთული იქნება. მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, ველით დეზინფორმაციის და ყალბი ნარატივების ფართომასშტაბიან კამპანიებს, პროვოკაციებს, არეულობის და არასტაბილურობის, არასწორი აღქმების შექმნის მცდელობებს. ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო პარტნიორებთან დროული და სათანადო კომუნიკაცია, ასევე, მათთან მჭიდრო კავშირების განვითარება. ამ საქმეში თქვენ, საქართველოს ელჩებს, უდიდესი როლი გაქვთ. დღეს ე.წ. ჰედლაინების ეპოქაში ვცხოვრობთ. ხშირად, ერთ ჰედლაინს გუშინდელი ერთი სტატიის თუ მთელი პიარკამპანიის დატვირთვა აქვს. ამასთან, დღევანდელ ინფორმაციულ ეპოქაში სოციალური მედიის საშუალებებმა დიდი ძალა შეიძინა. ამიტომ საერთაშორისო პარტნიორებსა და უცხოურ საზოგადოებებთან სამუშაოდ გთხოვთ მეტ აქტიურობას და მეტ ძალისხმევას როგორც ტრადიციული დიპლომატიური მეთოდებით, ასევე სოციალური მედიების საშუალებით. ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიების მხილება თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა.
კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით თქვენი ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და ღირსეული, პროფესიონალური საქმიანობისთვის. წარმატებას გისურვებთ თქვენს საპასუხისმგებლო საქმეში. დიდ იმედებს ვამყარებთ თქვენთან კიდევ უფრო ნაყოფიერ თანამშრომლობაზე”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.