ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებისთვის „ახალი წლის დღეები“ მზადება დილიდან აქტიურად მიმდინარეობს.
სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე, მერიის მიმდებარედ, 14:00 საათიდან მოეწყობა საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და სადღესასწაულო მარში გაიმართება.
ღონისძიების პატარა სტუმრებისთვის მოეწყობა სხვადასხვა აქტივობა, ბავშვებს ილუზიონისტი, ზღაპრის გმირები, ანიმატორების საბავშვო პროგრამა გაახალისებს, სანტა კი საჩუქრებს დაურიგებს.
18:00 საათზე კი სადღესასწაულო კონცერტი ჯგუფი „ურსას“, თიკა ბალანჩინისა და New One Band-ის მონაწილეობით გაიმართება. გრანდიოზულ კონცერტს ვიკა კალანდია წარუძღვება, საახალწლო ღონისძიება კი საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.
ერთად აღვნიშნოთ ახალი წლის დღეები საქართველოში!
#ახალიწლისდღეები2024