ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, 14-15 დეკემბერს სხდომაზე გადაწყვიტოს უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება, საქართველოს კი მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. გარკვეული რეფორმისა და ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში კი, ისინი აცხადებენ, რომ უნდა დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები ბოსნია და ჰერცეგოვინასთანაც, – ამის შესახებ ევროპის პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხება.
რეზოლუციას მხარი 468 პარლამენტარმა დაუჭირა, ტექსტის წინააღმდეგ წავიდა 99 წევრი, 58-მა კი თავი შეიკავა.
„ევროპარლამენტარები მიესალმებიან დასავლეთ ბალკანეთის განვითარების ახალ გეგმას და მოუწოდებენ ევროკავშირის ლიდერებს, ასევე, დაუყოვნებლად მიიღონ მოლაპარაკებების ჩარჩო მას შემდეგ, რაც შესრულდება შესაბამისი მოთხოვნები თითოეულ კანდიდატ ქვეყანასთან, რათა სწრაფად დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები“, – წერია რეზოლუციაში.
ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირმა უნდა დაადგინოს მკაფიო ვადები, რათა კანდიდატმა ქვეყნებმა დაასრულონ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე.