რუსთავის მერიაში, ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძის მიერ ინიცირებული პროგრამის – „მართე შენი ქალაქი“ მეხუთე ეტაპი დასრულდა.
ნინო ლაცაბიძე პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე, ახალგაზრდებმა ერთთვიანი სტაჟირების შედეგები შეაჯამეს და რუსთავის მერს საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
შეხვედრას, მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანელი ჩხარტიშვილიც ესწრებოდა.
ქალაქის მერმა პროექტის მეხუთე ეტაპის მონაწილე 14 სტუდენტს, სტაჟირების პროგრამით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა და სერტიფიკატებთან ერთად, სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა.
პროგრამა – „მართე შენი ქალაქი“, რუსთავის მერიამ გასული წლის თებერვალში დაიწყო. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის რუსთაველი სტუდენტები, მერიის სამსახურებში განხორციელებულ რეფორმებს, მუშაობის სპეციფიკასა და ახალ მუნიციპალურ სერვისებს, ადგილზე ეცნობოდნენ.
რუსთავის მერია, ახალგაზრდების წახალისებისა და ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, რამდენიმე პროგრამას ახორციელებს, მათ შორის აფინანსებს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის წარჩინებული სტუდენტების სწავლის საფასურს.
2023 წელს, რუსთავის მერიამ კიდევ ერთი ახალი პროგრამა – ,,ახალი სიმწვანე ახალი თაობისგან“ დაიწყო, რომელიც სტუდენტების ანაზღაურებად დასაქმებას ითვალისწინებს ქალაქის გამწვანების სამსახურში.