,,პრემიერის წერილის გაგზავნა ევროპელ პარტნიორებთან იყო ძალიან მნიშვნელოვანი, დროული და სწორი”- ირაკლი კობახიძე

ხვალ და ზეგ გაიმართება ევროპული საბჭოს სხდომა და ამ სხდომის გახსნამდე 1 დღის ადრე ამ წერილის გაგზავნა ევროპელ პარტნიორებთან იყო ძალიან მნიშვნელოვანი, დროული და სწორი, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პრემიერის წერილის შეფასებისას, რომლის ადრესატები ევროპელი ლიდერები არიან.

„აქცენტებიც რაც არის დასმული წერილში არის ძალიან სწორი; საუბარია იმ რეფორმებზე, რომელიც განხორციელდა ჩვენი ხელისუფლების მიერ, საუბარია იმ პროგრესზე რომელიც ზოგადად გვაქვს 2012 წლის შემდეგ და საუბარია ქართველი ხალხის სულისკვეთებაზე, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ჩვენი ქვეყანა. აქედან გამომდინარე ეს წერილი არის დროული და სწორად გააზრებული“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის – ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს პედრო სანჩესს, ასევე ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს ლიდერს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე წერილობით მიმართა.