რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულომ ქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი, მეორე მოსმენით დაამტკიცა.
გადაწყვეტილება დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა 19 ხმით მიიღეს.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია უძღვებოდა.
მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტის პროექტის პარამეტრები და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები სხდომაზე ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ წარადგინა.
ბიუჯეტის წარდგენას,რომელიც ხმაურის ფონზე წარიმართა, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ დაესწრნენ, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს.
87 მილიონ 367,7 ათასი ლარით განსაზღვრულ ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირეს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა.
როგორც სხდომაზე, ფრაქცია „რუსთავი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ნათია შელეგიამ განაცხადა, მერიის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი ფრაქციის მიერ უარყოფითად არის შეფასებული.
„- თუმცა იმის გამო რომ ქალაქში არ შეიქმნას ფინანსური კოლაფსი და არ შეფერხდეს რიგი ინფრასტრუქტურული და მწირი სოცალური პროექტები, არ შეეშალოს ხელი საჯარო მოსამსახურეთა ფუნქციონირებას და დაბალანსების პოლიტიკას, ფრაქციამ მხარი დაუჭირა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს.“- განაცხადა ნათია შელეგიამ.
სხდომაზე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, განცხადება გააკეთა, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ბერიძემ.
„ – ჩვენ მერიაში გადავაგზავნეთ რუსთავის მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პრიორიტეტები, თუმცა არცერთი პუნქტი არ არის გათვალისწინებული, რის გამოც არ მივიღეთ მონაწილეობა დღეს მერის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის მოსმენაში და ასევე არ მივეცით ხმა.“- განაცხადა ალექსანდრე ბერიძემ.
დეპუტატებმა დღესვე, მიმდინარე წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები დაამტკიცეს.
ცვლილებები შევიდა ბიუჯეტით გათვალისწინებულ ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამებში.
დამტკიცდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასა და ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესი.
ცვლილებები შევიდა, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების, მერიისა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ დადგენილებებში.
დამტკიცდა დადგენილება, რუსთავი-თბილისის მიმართულებით, M2, M3 კატეგორიის ტრანსპორტის შესყიდვის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიის სახელით სესხის აღების თაობაზე.
საკრებულოს დღეს გამართულ რიგით N29 სხდომაზე, დეპუტატებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს, დღის წესრიგით გათვალისწინებულ 36 საკითხს, რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიამ, რეგლამენტის თანახმად, სხდომა დახურულად გამოაცხადა.









