რუსთავში ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი ,,ნარინჯისფერი კამპანიის“ ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

რუსთავის მედიათეკაში, ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი ,,ნარინჯისფერი კამპანიის“ ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ახალგაზრდებს ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე, პარლამენტის მუდმივმოქმედი გენდერული საბჭოს ხელმძღვანელი ნინო წილოსანი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპაეტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი ნინო კობახიძე ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ ფორმაზე – კიბერძალადობაზე ესაუბრნენ.

„მედიათეკაში“ დაგეგმილ ღონისძიებას „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ქვემო ქართლის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ქალთა ორგანიზაციის რუსთავის საბჭოს წევრებთან ერთად უმასპინძლეს.

,, მნიშვნელოვანია, რომ გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ დეტალური ინფორმაცია, სწორედ საგანმანათლებლო სივრცეში – მედიათეკაში მივაწოდეთ ახალგაზრდებს. დღეს მათთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და აქტუალური საკითხები განვიხილეთ.

ჩვენ გავაგრძელებთ მათ ინფორმირებას და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ამ მიმართულებით, პრევენციული ღონისძიებები გავატაროთ.” – აცხადებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.

ახალგაზრდებს ასევე შეხვდნენ ქალთა ორგანიზაციის და პარლამენტის წევრები ხატია წილოსანი, ირმა ზავრადაშვილი, ქეთევან ჩარკვიანი, რატი იონათამიშვილი.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან აღინიშნება და მას ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო დიდი მასშტაბები აქვს. „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია აღნიშნულ კამპანიას მეორე წელია, რაც უერთდება.