საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით საქართველოს სახალხო არტისტი რეჟისორი, ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა
ოთარ იოსელიანი იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. მან მოღვაწეობის მანძილზე არაერთი დასამახსოვრებელი მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმი შექმნა.
რეჟისორმა 1952 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია; 1965 წელს კი – მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.
1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რეჟისორის ასისტენტად; 1956-1959 წწ. – მემონტაჟედ; 1959-1961წწ. – დოკუმენტური ფილმების რეჟისორად; 1961 წლიდან იყო სტუდიის რეჟისორი და სცენარისტი; 1980 წლიდან მოღვაწეობდა საფრანგეთში. გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი ფილმები: „აკვარელი“ (1958), „აპრილი“ (1961); მხატვრული ფილმები: „გიორგობისთვე“ (1966), „იყო შაშვი მგალობელი“ (1970), „პასტორალი“ (1976), „ბასკთა ქვეყანაში“ (1983), „მთვარის რჩეულნი“ (1984), „პეპლებზე ნადირობა“ (1999), „ყაჩაღები“ (1996), „მშვიდობით მწვანე მდელო“ (2000, საფრანგეთი); დოკუმენტური ფილმები: „ძველი ქართული სიმღერა“ (1969), „თუჯი“ (1964), „საპოვნელა“ (1959).
ოთარ იოსელიანი არაერთი წოდებისა და ჯილდოს მფლობელია. საქართველოს სახალხო არტისტს მიღებული აქვს ჟ. სადულის სახელობის პრემია (მხატვრული ფილმისათვის „გიორგობისთვე“); 1979 წლიდან არის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე; 1995 წელს მიიღო ბერლინის აკადემიის მთავარი პრემია, 1993 წელს კი რუსეთის დამოუკიდებელი პრემია – „ტრიუმფი“; 1996 წელს გადაეცა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის; იგი არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1998) და საფრანგეთის აკადემიის ოქროს მედლის მფლობელი (1999). 2022 წლის 9 დეკემბერს, რეჟისორს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდო – „პრომეთე“ გადაეცა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს ოთარ იოსელიანის ღვაწლს ქართული კულტურის წინაშე და უსამძიმრებს მის ოჯახს, კოლეგებსა და მთელ ქართველ საზოგადოებას.