ყაჩაღობისთვის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ყაჩაღობისთვის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
 თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ყაჩაღობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დ.პ. დამნაშავედ ცნო.
 სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2019 წლის 5 ნოემბერს, ბრალდებული სამ პირთან ერთად დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არბოშიკში, ყაჩაღობის მიზნით თავს დაესხა თ.ბ.-ს. თავდამსხმელები დაზარალებულზე ძალადობით მისგან ფულს და ოქროს ნივთებს ითხოვდნენ. თ.ბ.-ს წინააღმდეგობის შეწყვეტისა და თანხის დაუფლების მიზნით ბრალდებულებმა იგი შებოჭეს და დაახრჩვეს, რის შემდეგაც დაზარალებულის ოჯახის კუთვნილი 7900 ლარის ღირებულების ოქროს ნივთებს, 3100 ლარს და 1600 ლარად ღირებულ ,,ლენოვოს’’ ფირმის ლეპტოპს დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
 წითელი ცირკულარით ძებნილი დ.პ. საქართველოს მხარის მოთხოვნით, საფრანგეთში სამართალდამცველებმა დააკავეს. მისი საქართველოში ექსტრადირება 2023 წლის 29 მარტს
განხორციელდა.