დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში 15-მდე სხვადასხვა ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელთაგან განსაკუთრებით საყურადღებოა 3, მათ შორის კი არის ე.წ. ღორის გრიპი.
„როგორც მაქვს ინფორმაცია, დღეს, დაახლოებით,10-15 სხვადასხვა ტიპის ვირუსი ცირკულირებს, მაგრამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული ყურადღება სამს აქვს.
პირველი – ეს არის გრიპის ვირუსი. ამ ეტაპზე ფიქსირდება “ა” ტიპის ვირუსი, საიდანაც წინა ხაზზე გამოდის H1 და H3. მოგეხსენებათ, H1 მოსახლეობაში ცნობილია, როგორც “ღორის გრიპის” ვირუსით, რომელმაც 2008-2009 წლების პანდემია გამოიწვია. აღარ არის ეს პანდემიური შტამი, ის დასუსტებულია.
მეორე – საყურადღებოა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი. რასაც თვალს ვადევნებ მასმედიით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საავადმყოფოებში მომატებულია მიმართვიანობა. ალბათ, ძირითადად ეს უნდა იყოს გრიპით და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით გამოწვეული. რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი ძირითადად ბავშვებს და ხანდაზმულებს „ერჩის“, გარკვეული გართულებები აქვს განსაკუთრებით ახალშობილებსა და ბავშვებში.
დღეს, ყოველკვირეული მონიტორინგის საერთო ცირკულაციაში რაც ვნახე, ბოლო მონაცემებით, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი სჭარბობდა გრიპსა და კორონავირუსსაც.
მესამე – კორონავირუსი, რომელიც ჯერ კიდევ იქცევს ყურადღებას თავისი ვირულენტობით მაინც ძლიერია, ვიდრე გრიპის ვირუსი.
რომ გითხრათ, რომ წელს რაიმე უჩვეულო ხდება, ასე არ არის. გასულ წელს და წინა წლებში მონიტორინგის დროს, თუ კორონავირუსი სჭარბობდა და „ჩაგრავდა“ გრიპს და სხვა ვირუსებს, წელს მისი წილი ნაკლებია, მაგრამ არც თუ ისე ძალიან“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
ეს დაავადებები ძირითადად იმართება ამბულატორიულ დონეზე, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ჰოსპიტალიზაცია და სწორედ ექიმი წყვეტს, როდის უნდა მოხდეს ჰოსპიტალიზაცია. ამავე დროს, რეკომენდაციაა, რომ ამ დროს სამედიცინო დაწესებულებებში ყველამ გამოიყენოს ნიღაბი – თანამშრომელმა თუ მიმსვლელმა.
ასევე, ვიტყოდი, რომ ამ სეზონზე დიდი თავშეყრის ადგილებში სასურველია, რომ ადამიანებმა გამოიყენონ ნიღაბი, რადგან, კორონავირუსის პანდემია დასრულებულადაა გამოცხადებული, მაგრამ კორონავირუსს ჯერჯერობით ვერ მოვსპობთ, ის ცირკულირებს და ისევ გარკვეული ტვირთი აქვს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე“, –აცხადებს ამირან გამყრელიძე.