გივი მიქანაძე სომხეთის ელჩს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აშოტ სმბატიანთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური და პარტნიორული ურთიერთობები აღნიშნეს.

გივი მიქანაძემ საქართველოსა და სომხეთს შორის საპარლამენტო დიპლომატის განვითარების მიზნით ელჩს ერთობლივი საკომიტეტო სხდომის გამართვასთან დაკავშირებული ინიციატივა გააცნო.

კომიტეტის თავმჯდომარემ ორ ქვეყანას შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარების მიზნით, საქართველოს  საპარლამენტო დელეგაციის სომხეთში ვიზიტთან დაკავშირებით სურვილი გამოთქვა.

მხარეებმა  ევროკავშირის პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe), ფარგლებში თანამშრომლობის განვითარებაზე იმსჯელეს.

სომხეთის ელჩი მიესალმა კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივებს. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებებზე და ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობების განვითარების კუთხით ახალგაზრდების კავშირის მნიშვნელობას.  ელჩის მხრიდან გამოითქვა  სომეხი და ქართველი ახალგაზრდების მონაწილეობით ერთობლივი ფორუმებისა და ბანაკების ორგანიზების ინიციატივა.