ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ძვირფასო მეგობრებო, მინდა საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ. დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას.
სულ ახლახან, გასული წლის ბოლოს, მე საზოგადოებას ჩავაბარე ვრცელი ანგარიში ჩემი სამწლიანი საქმიანობის შესახებ. მოგეხსენებათ, მთავრობის მეთაურის პოზიციაზე მეორე ვადით მუშაობა ურთულეს პერიოდში, შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების პირობებში დავიწყე. მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას. უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს და მე ვამაყობ შედეგებით, რომლებსაც ამ პერიოდში გუნდთან ერთად მივაღწიეთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილი პრემიერი მეორედ 2021 წელს გახდა. მანამდე ის მთავრობის მეთაურის თანამდებობას 2013-2015 წლებში იკავებდა.