ე.წ. სტამბოლის ბაზარში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზარში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ. სასამართლომ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა. სხდომას ორივე დაკავებული ესწრებოდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებიდან ერთს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა, მეორეს კი სამ წლამდე სასჯელი ემუქრება.

როგორც დაცვის მხარის წარმომადგენელი, ელდარ გვალია აცხადებს, დანაშაულის მასშტაბებიდან გამომდინარე პატიმრობის გამოყენების გარდა, სხვა მოლოდინი სასამართლოსგან მათ არ ჰქონიათ.

„რუსთავის საქალაქო სასამართლომ განიხილა დღეს აღკვეთის ღონისძიების საკითხი – გიორგი ორველაშვილის მიმართ გამოიყენა ყველაზე მკაცრი სახე, პატიმრობა. სხვა მოლოდინი დაცვის მხარეს დანაშაულის მასშტაბებიდან გამომდინარე არ ჰქონდა. როგორც გიორგი ამბობს, სახეზე დაზიანება მიყენებული აქვს დაკავებამდე, რა ვითარებაში, ეს ჩემთვის უცნობია“, – განაცხადა ელდარ გვალიამ.

ბრალდების მხარის განცხადებით დანაშაულის მოტივი შურისძიება იყო. მისივე თქმით, დადგენილია ისიც, რომ ახალ წლამდე პერიოდში ბრალდებულს კონფლიქტი მოუხდა ბიძასთან, ნოდარ ორველაშვილთან, რის შემდეგ ბიძამისმა ის სამსახურიდან დაითხოვა.