პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები გააცნო

ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები გააცნო. ამ თემაზე პრემიერ-მინისტრმა განახლებული მთავრობის პირველ სხდომაზე ისაუბრა.

„რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მინდა გავაცნო საზოგადოებას. უკვე ცნობილია, რომ პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება დაეკისრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ბატონ ლევან დავითაშვილს. მას წარმატებები მინდა ვუსურვო. ქალბატონ თეა წულუკიანს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, ასევე თავდაცვის მინისტრს, ბატონ ირაკლი ჩიქოვანს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება.

გვაქვს ცვლილება მთავრობის ადმინისტრაციაში. მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გახდება ბატონი მიხეილ ფეიქრიშვილი. თითოეულ თქვენგანს მინდა წარმატებები ვუსურვო“, – აღნიშნა პრემიერმა.

მან მინისტრთა კაბინეტის წევრებს წარმატებები უსურვა და ასევე მადლობა გადაუხადა ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს გაწეული სამსახურისთვის.