,,ჯანდაცვის სისტემის რეფორმირება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა”- ირაკლი კობახიძე

ჯანდაცვის სისტემის რეფორმირება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, – ამის შესახებ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის კვლავაც უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო მომსახურებით უნივერსალური მოცვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.

„ამასთან, ეტაპობრივად გაიზრდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება. გაგრძელდება მიზნობრივი ჯგუფების სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა. გაგრძელდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა. ქვეყანაში დაინერგება ონკოლოგიური დაავადებების მართვის უახლესი მეთოდები. გაგრძელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული პრიორიტეტული სტაციონარული დაწესებულებებისა და სოფლად ამბულატორიების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა. ყურადღება დაეთმობა პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას. უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული სტრატეგიის ამოცანების შესრულება.

მთავრობა გააგრძელებს მიზნობრივი ჯგუფების, მათ შორის ხანდაზმულების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამებით უზრუნველყოფას. უზრუნველყოფილი იქნება სოციალური პაკეტის ინდექსაცია. გაგრძელდება განსაკუთრებული ზრუნვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. 1000 უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახი მიიღებს საცხოვრებელს სახელმწიფოსგან. საქართველოს მთავრობა იზრუნებს პენსიების ყოველწლიურ ზრდაზე ქვეყნის ეკონომიკის ზრდის კვალდაკვალ. უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო პენსიის ინდექსაცია „პენსიის შესახებ“ კანონის შესაბამისად. შეუფერხებლად გაგრძელდება დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამა“, – განაცხადა კობახიძემ.