ასურეთთან საჰაერო ბურთი ჩამოვარდა, დაიღუპა სამი ადამიანი

სოფელ ასურეთთან საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს შეეჯახა. დაიღუპა სამი ადამიანი, რომლებიც შემთხვევის დროს საფრენ აპარატში იმყოფებოდნენ.

საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი დაიღუპა.

დაღუპულთა შორის არის ხომალდის მეთაური და პირველი მფრინავი, საქართველოს სამგზის რეკორდსმენი, 19-წლიანი სტაჟის მქონე რევაზ უთურგაური. ის ასევე „სქაი თრეველის“ დამფუძნებელი და დირექტორი იყო.

ასევე დაღუპულია ფრენის 13-წლიანი გამოცდილების მქონე პოლონელი ჰაერნაოსანი კშიშტოფ ზააპარტი. საჰაერო ბურთით ფრენაში ზააპარტი მსოფლიოში მეორე ადგილზე იყო. მას 3 500 კილომეტრზე მეტი ჰქონდა ნაფრენი.

მფრინავებს ამჯერად საჰაერო ბურთით ყველაზე დიდ მანძილზე ფრენაში მსოფლიო რეკორდის დამყარება სურდათ. წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რამაც კატასტროფა გამოიწვია. როგორც კომპანია „სქაი თრეველში“ აცხადებენ, საჰაერო ბურთით დაგეგმილი ფრენა იყო მოსამზადებელი გაფრენა მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად. მათივე განმარტებით, რევაზ უთურგაური საჰაერო ბურთებით 2005 წლიდან დაფრინავდა და ამ საქმეში კვალიფიციური იყო.