„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძე ოფიციალურად წარადგინა

მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე ოფიციალურად წარადგინა.

როგორც „ქართული ოცნების“ ახალმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ყრილობაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, პარტიის კანდიდატი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე იქნება და მას წარმატებები უსურვა. ყრილობაზე სიმბოლური კენჭისყრაც გაიმართა.

„მინდა, სიმბოლურად გთხოვოთ ყველას, რომ გამოუცხადოთ მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს. ყრილობისგან აქვს სრული ლეგიტიმაცია და მანდატი მინიჭებული ირაკლი კობახიძეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პარტიის ყრილობამდე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც ამ საკითხზე იმსჯელეს.

ირაკლი კობახიძე მთავრობის ახალ შემადგენლობას დაასახელებს, რის შემდეგაც ახალ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის შემადგენლობას პარლამენტი მომავალ კვირაში დაამტკიცებს.