ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომა მინისტრთა კაბინეტსა და მთავრობის ადმინისტრაციაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე საუბრით დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომა მინისტრთა კაბინეტსა და მთავრობის ადმინისტრაციაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე საუბრით დაიწყო. მთავრობის მეთაურმა ახლად დანიშნული კადრების პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი და მათ წარმატებები უსურვა.
ირაკლი კობახიძე სხდომაზე ასევე გამოეხმაურა მძიმე დანაშაულებში ბრალდებული ზურაბ ადეიშვილის ბრიუსელსა და ბერლინში ვიზიტებს, აგრეთვე აღნიშნა, რომ ეს შეშფოთებას იწვევს.
პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი სოლიდარობა უკრაინისადმი და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის ხელისუფლება გადახედავს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიიღო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მათ შორის − ქართულ მხარეს გადმოსცემენ უმძიმეს დანაშაულებში მხილებულ პირებს.
დღესვე პრემიერ-მინისტრმა ძალოვან უწყებებს მიმართა, რომ ქვეყანაში ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უფრო ეფექტიანი ბრძოლისთვის ერთიანი, განახლებული გეგმა შემუშავდეს. ირაკლი კობახიძის შეფასებით, დაუშვებელია ნებისმიერი ლოიალური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ – მომხმარებლებს სჭირდებათ ზრუნვა, თუმცა რეალიზატორებთან საჭიროა მაქსიმალური სიმკაცრე.
მთავრობის მეთაური დღევანდელ სხდომაზე ხე-ტყის უკანონო ჭრის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ უნდა შემუშავდეს ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელთა საფუძველზეც სასჯელები გამკაცრდება.
კიდევ ერთი საკითხი, რასაც დღეს ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ანაზღაურებადი სტაჟირება იყო. პრემიერის თქმით, სისტემის მაქსიმალური ეფექტიანობისთვის სტუდენტებსა და ახალგაზრდებთან ფართო კონსულტაციები დაიწყება.