საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის პრინციპების დაცვა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციული ბიუროს ანგარიშის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის მთავრობამ ყველა განკარგულების გამოქვეყნების გადაწყვეტილება მიიღო.
პრემიერმა ისაუბრა საერთაშორისო რეიტინგებზე, სადაც საქართველოს კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით პოზიტიური მაჩვენებლები აქვს და განაცხადა, რომ, ამის მიუხედავად, ხელისუფლება მიღწევებით არ კმაყოფილდება.
„გვსურს, ევროპის საუკეთესო სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. გვესმის, რომ ეს საკმაოდ ამბიციური მიზანია, თუმცა სათანადო პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში და ეს პოლიტიკური ნება არსებობს, ეს მიზანი სავსებით მიღწევადია და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ანტიკორუფციული ბიუროს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა წარადგინა. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, თბილისის მერი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.