მომდევნო კვირაში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დააჩქარებს კენჭისყრას კანონზე, რომლის მიხედვითაც, ჩინურ კომპანია ByteDance-ს TikTok-ის გასაყიდად 6 თვე მიეცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სერვისი აშშ-ში დაიბლოკება. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
შესაბამის ცვლილებებს ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტის წევრებმა 50 ხმით, ერთხმად დაუჭირეს მხარი.
წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერის, სტივ სკელისის თქმით, მომდევნო კვირაში კონგრესმენები დააფიქსირებენ საკუთარ არჩევანს, „რათა აიძულონ TikTok-ი, გაწყვიტოს კავშირი ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან“.
„ამ კანონს აქვს წინასწარ ცნობილი შედეგი: აშშ-ში TikTok-ის სრული აკრძალვა. მთავრობა ცდილობს, 170 მილიონ ამერიკელს შეუზღუდოს წვდომა მათ კონსტიტუციურ უფლებაზე – გამოხატვის თავისუფლებაზე“, – აცხადებენ კომპანიაში.