ირაკლი კობახიძე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა სააგენტოს იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ მისი საქმიანობის შედეგები შთამბეჭდავია. პრემიერის შეფასებით, ინოვაციური ეკოსისტემის შემდგომი გაძლიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ინიციატივები.

 

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ უახლოეს მომავალში ინიციირებული იქნება კანონპროექტი, რომლის თანახმად განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდებათ.