პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და კომიტეტის წევრები ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვის პრეზენტაციას დაესწრნენ.
ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ახალი ხედვა საზოგადოებას განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად წარუდგინა.
გიორგი ამილახვარის განცხადებით, ახალგაზრდული სფერო განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთიანი პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, შესაბამისად, ამ მიმართულებით მომავალი წლების განმავლობაში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით, ეფექტიანი და თანმიმდევრული პოლიტიკა გატარდება.
მისივე თქმით, ახალი ხედვის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვანი, საინტერესო პროექტებისა და შემეცნებით, საგანმანათლებლო, სპორტულ, კულტურულ, შემოქმედებით აქტივობების შეთავაზება.
ღონისძიებას საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომდგენლები ესწრებოდნენ.