რეგიონული მედიის წარმომადგენლები საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს გაეცნენ. ორდღიანი შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, კომისიის მდივან გიორგი ჯავახიშვილთან ერთად გახსნა. მან დეტალურად ისაუბრა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობის შესახებ და ხაზი გაუსვა მედიის როლს, ამომრჩევლების ინფორმირების პროცესში. მისი თქმით, სწორედ მედიას აკისრია ერთ-ერთი მთავარი როლი, ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩევლამდე ობიექტური და დეტალური ინფორმაციის მიწოდებაში.
შეხვედრის მონაწილეებმა უშუალოდ საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელებისგან მოისმინეს და ადგილზე ნახეს თუ როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული აპარატები და რა პროცედურების გავლით ჩატარდება 2024 წლის პარლამენტის არჩევნები ამ ტექნოლოგიების გამოყენებით. მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათგან, როგორ რეგულირდება ახალი ტექნოლოგიების გამოყენება საარჩევნო უბნებზე და რა დამცავი მექანიზმები არსებობს კიბერ უსაფრთხოების კუთხით.
ჟურნალისტები, ასევე გაეცნენ საარჩევნო ადმინისტრაციის კომუნიკაციის სტრატეგიას და საინფორმაციო კამპანიის დეტალებს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება.