საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრს ფარიდ გაიბოვს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქართველი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს. საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ საქართველოში ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტებსა და ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმებზე ისაუბრა.
მან ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების დასაქმების საკითხზე და მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდებისთვის შესაბამისი სივრცეებისა და შესაძლებლობების შექმნაზე.
თავის მხრივ, აზერბაიჯანულმა მხარემ ინიციატივა გამოხატა აზერბაიჯანში, საერთაშორისო ახალგაზრდულ ფესტივალებსა და ბანაკებში უმასპინძლონ ქართველ სტუდენტებს. გივი მიქანაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანში გამართულ საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობა მიიღონ ქართველმა ახალგაზრდებმა საქართველოს რეგიონებიდან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს და ხაზი გაესვა ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და კომიტეტის წევრები: გიორგი სოსიაშვილი და როსტომ ჩხეიძე.