,,შემოდგომაზე საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალ, ოთხწლიან გეგმას, რომელიც განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს”

საქართველოს ჰყავს გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდობა. თქვენი ნიჭის რეალიზება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თქვენი პიროვნული წარმატებისთვის, არამედ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის და ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ახალგაზრდებისთვის განვითარების ფართო შესაძლებლობების შექმნა ჩვენთვის, საქართველოს მთავრობისთვის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს და ეს აუცილებლად ასეც იქნება. ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის უმთავრესი ინსტრუმენტი არის განათლების სისტემა. მზადდება და შემოდგომაზე საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალ, ოთხწლიან გეგმას, რომელიც განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს. ჩვენი მზიანია განვახორციელო მასშტაბური პროექტები, რომლებიც ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ჩვენი ხედვით, თვისობრივად უნდა განახლდეს მათ შორის სახელმწიფო უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა, სადაც სტუდენტებს როგორც ცოდნის მიღების, ისე საკუთარი ინტერესების რეალიზებისთვის ბევრად უფრო ფართო შესაძლებლობა მიეცემათ. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპორტის განვითარებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის. ამ გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. უნივერსიტეტების სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, სკოლების სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება – ესეც იქნება ჩვენი 4 წლიანი გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი“, – აღნიშნა კობახიძემ.