რუსთავში დავით გარეჯის პირველი ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა ქალაქის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას ღობის აღების საშუალებას არ აძლევს.
მოსახლეობის თქმით შენობის გამაგრების შესახებ მათ ბევრჯერ შეიტანეს განცხადება მერიაში თუმცა მათგან პასუხი არ მიუღიათ. ასევე აცხადებენ,რომ შენობის ავარიულობის გამო პროტესტის ნიშნად მათ უკანონო ტერიტორია შემოღობეს და იქამდე არ აიღებენ სანამ მერიის წარმომადგენელი არ გაესაუბრებათ.
რუსთავის მერია ამ თემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
,,რუსთავის მერიის მუნიციპალური ინსპექცია, მოქმედებს კანონის შესაბამისად და რეაგირების გარეშე არ დატოვებს, სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების უკანონოდ მითვისების ფაქტებს.
გარეჯის ქუჩის N1 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დღეს მუნიციპალური ინსპექცია სახელმწიფო მიწის უკანონო შემოღობვის ფაქტის აღმოსაფხვრელად, კანონის შესაბამის ზომებს იღებდა, საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნანა შატბერაშვილმა, შეცდომაში შეიყვანა მოსახლეობა და წაახალისა მათ მიერ კანონის დარღვევის და სახელმწიფო ქონების უკანონოდ მითვისების ფაქტი.
ნაციონალურ მოძრაობას, უკანონობის წახალისებაში ეხმარებიან და ასევე მოსახლეობის შეცდომაში შეყვანით არიან დაკავებულნი პარტია ,,საქართველოსთვის” წარმომადგენლები: საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თავის ორ თანაპარტიელთან ერთად.
დავით გარეჯის ქუჩაზე არსებულ კორპუსებში, უკანონოდ მითვისებული ბინები საქართველოს მთავრობის და რუსთავის მერიის გადაწყვეტილებით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად აქვს გადაცემული იქ მცხოვრებ 100-ზე მეტ ოჯახს. მათ შორის, იმ ქალბატონებსაც, რომლებიც დღეს მუნიციპალურ ინსპექციას არ აძლევდნენ კანონიერი ქმედების განხორციელების საშუალებას.
ეს ადამიანები, ნაციონალური მოძრაობის წევრების წაქეზებით არღვევენ კანონს და ცდილობენ, უკანონოდ მიითვისონ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა.
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის იმოქმედებს კანონის შესაბამისად. მოვუწოდებთ მოსახლეობას, ნუ აყვებიან პოლიტიკურად ანგაჟირებული სუბიექტების პროვოკაციულ დაპირებებს და ნუ დაარღვევენ კანონს.”- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.








