პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და საერთო სასამართლოები ამ კატეგორიის დანაშაულების წინააღმდეგ უმკაცრეს სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებენ, რაც დასტურდება სტატისტიკური მაჩვენებლებითაც. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკაში, ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი სტაბილურად ინარჩუნებს მეორე ადგილს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, სამინისტროში დანერგილია ძალადობის განმეორების რისკების შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც პოლიციელს აძლევს შესაძლებლობას დროულად გამოავლინოს განმეორებითი ძალადობის საფრთხე. დანერგილია ელექტრონული ზედამხედველობის სისტემა, რომელიც პოლიციას აძლევს საშუალებას რეალურ დროში გააკონტროლოს მოძალადის მხრიდან ორდერით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების პროცესი.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგთან ერთად, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი აქტიურადაა ჩართული პოლიციის მიერ შემაკავებელი ორდერების გამოცემისა და ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების პროცესებში.
ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დაგვიანებულ რეაგირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ სამინისტროს გენერალური ინსპექცია სწავლობს და ასეთი შემთხვევის არსებობისას მყისიერად ატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. მისი თქმით, 2022-2023 წლებში, გენერალური ინსპექციის მიერ 44 თანამშრომლის მიმართ იქნა დისციპლინური სახდელი გამოყენებული.
ვახტანგ გომელაურმა ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით, სხვა სამინისტროებთან და შესაბამის ინსტიტუციებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყებისთვის მეტად მნიშვნელოვანია მომიჯნავე სამინისტროებთან, შესაბამის უწყებებთან და ორგანიზაციებთან კოორდინირებული თანამშრომლობა.
ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე მოწმისა და დაზარალებულთა კოორდინატორების საქმიანობის შესახებ საუბრისას, ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ სამინისტროში, არსებობს სამსახური, რომლის ფუნქციებია: სამართალწარმოების პროცესში მოწმის/დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა, ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის პრევენცია, გამოძიების მსვლელობისას მათი ინფორმირებულობის უზრუნველყოფა, სახელმწიფოში არსებული სერვისების გაცნობა და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის ეფექტიანი ურთიერთობის ხელშეწყობა.
„სამსახურის გაძლიერების მიზნით, იგეგმება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის რეფორმა, რომლის მიზანია კოორდინატორის სამსახურის გაძლიერება, მისი საქმიანობის კოორდინაციის ეფექტიანად უზრუნველყოფა, საერთო მიდგომებისა და სტანდარტების ჩამოყალიბება, რათა ფუნქციები ხარისხიანად და შედეგებზე ორიენტირებულად აღსრულდეს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისი თქმით, უწყების ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი მუდმივ რეჟიმში მონიტორინგს უწევს ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის საქმეებს ასევე, დისკრიმინაციის ნიშნით მოტივირებულ დანაშაულებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტებით, შეიცვალა შემაკავებელი ორდერის, რისკების შეფასების ინსტრუმენტის და ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების სტანდარტი, რამაც მეტ მსხვერპლს მისცა საშუალება გამოიყენოს ძალადობის პრევენციის მექანიზმი.
მომხსენებელმა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
მისი თქმით, აქტიური მუშაობა გრძელდება სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რათა ამაღლდეს ახალგაზრდების ცნობიერება ნარკოტიკების მავნე შედეგებთან დაკავშირებით და მკვეთრად შემცირდეს მათი ნარკოტიკულ დანაშაულებში ჩაბმის ალბათობა.
დეპუტატების მიერ დასმული ერთ-ერთი კითხვა უკავშირდებოდა ნარკოტიკული საშუალებების გასაღება/გავრცელების პრევენციის მიმართულებით უწყების სამოქმედო გეგმას.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში, აგრძელებს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ ბრძოლას. იგი მთავრობის მიერ აღიარებულია ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საყურადღებო მიმართულებად“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა და დასძინა, რომ ამის დასტურია მთავრობის მიერ დამტკიცებული ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის 2021-2024 წლების სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმებიც, რომელთა შემუშავებაც მოხდა უწყებათაშორის ფორმატში.
მინისტრის ინფორმაციით, უკვე დაწყებულია 2025-2028 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი, რომელშიც, ნარკოტიკული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის ზრდის პარალელურად, კიდევ უფრო მეტად გამახვილდება ყურადღება მისი პრევენციის კომპონენტზე.
მომხსენებელმა ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლებთან მიმართებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გამკაცრებულ პოლიტიკაზე ისაუბრა.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალშიც აქტიურად განაგრძობს ნარკოდანაშაულთან ბრძოლას. თუმცა, უწყების მხრიდან დანაშაულზე რეაგირება ვერ იქნება ამ მძიმე პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა. საჭიროა, საზოგადოების და შესაბამისი უწყებების კომპლექსური ჩართულობა, როგორც ნარკოტიკების მავნე ზეგავლენების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით, ისე, მისგან გამოწვეული ზიანის შემცირების კუთხით“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.