რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი, 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა მოიცავს 4 გვირაბს და 11 ხიდს.
მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალზე (E60) მოძრავ ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქ. ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი ახალი გზით, რომელიც არგვეთას კვანძთან აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს შეუერთდება:
„ახალი გზა ზესტაფონს განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან და შეამცირებს მაგისტრალით მგზავრობის დროს, შემოვლითი გზის გავლას მხოლოდ 6 წუთი დასჭირდება;
ახალი გზა რიკოთის პროექტის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის ნაწილია, სადაც გათვალისწინებულია 14.7 კმ-იანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე ცნობებით, ამ ეტაპზე, სამუშაოების 80% დასრულებულია – 17 ხიდიდან აშენებულია 15 ხიდი და გაჭრილია ათივე გვირაბი.
მთავრობის განცხადებით, ზესტაფონის შემოვლითი გზა, როგორც მაგისტრალური გზის ყველა მონაკვეთი, მნიშვნელოვნად გაზრდის საგზაო უსაფრთხოების სტანდარტს და უზრუნველყოფს კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებას.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები ახალ მაგისტრალურ გზასთან მგზავრთა მომსახურების ცენტრის მოსაწყობად, სადაც გათვალისწინებული იქნება სივრცეები ზესტაფონის ტრადიციული სწრაფი კვების ობიექტებისთვის:
„რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, შენდება 52 კმ-მდე გზა, რომელიც მოიცავს 97 ხიდსა და 51 გვირაბს.
ამ დროისათვის, ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია 36 კმ გზა, აშენებულია 89 ხიდი და გაჭრილია 50 გვირაბი. სამშენებლო სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ ხიდსა და გვირაბზე. საერთო ჯამში, რიკოთის მაგისტრალური ახალი გზის 70%-ით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს“. – ნათქვამია ინფორმაციაში.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდი ლარია, პროექტი 2024 წლის ბოლოს დასრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა და თქვა, რიკოთის უღელტეხილის პროექტს საქართველოს რეალობაში ანალოგი არ ჰქონია, ამიტომ მთავრობა ამ პროექტს თამამად უწოდებს საუკუნის პროექტს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საერთაშორისო მაგისტრალის განვითარებისთვის რიკოთის უღელტეხილი ყველაზე კრიტიკულ და გამომწვევ მონაკვეთად იყო აღიარებული.
„ამ პროექტებს რეგიონებში შეაქვს ახალი სიცოცხლე, რაც, არა მხოლოდ მგზავრობის შემცირებულ დროსა და მანძილში გამოიხატება, ასევე გამოიხატება კომფორტულ და უსაფრთხო მგზავრობაში, ასევე იმ ეკონომიკურ სარგებელშიც, რომელიც ამ პროექტებს მოაქვს ჩვენი რეგიონების მოსახლეობისთვის, შესაბამისად, ყველა ეს პროექტი ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონების განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის ამაღლებას.
საერთაშორისო მაგისტრალის განვითარებისთვის რიკოთის უღელტეხილი ყველაზე კრიტიკულ და გამომწვევ მონაკვეთად იყო აღიარებული. პროექტის მნიშვნელობის, საინჟინრო გადაწყვეტებისა და მასშტაბის გათვალისწინებით, ამ მშენებლობას, თამამად შეიძლება ეწოდოს უპრეცედენტო, საქართველოს რეალობაში ამ პროექტს ანალოგი არ ჰქონია, ამიტომ ჩვენ ამ პროექტს თამამად ვუწოდებთ საუკუნის პროექტს.
რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის მხარდაჭერისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. უშუალოდ ზესტაფონის შემოვლითი გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. შესაბამისად, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს და მის წარმომადგენელს საქართველოში.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დაუღალავად შრომობდა ამ ისტორიული პროექტის წარმატებისთვის. განსაკუთრებული მადლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პირადად მინისტრს, ბატონ ირაკლი ქარსელაძეს სამინისტროს ყველა თანამშრომელს, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, ხელმძღვანელობას, დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს, მადლობა თქვენ ამ მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, რომელიც თქვენი დაუღალავი შრომის გარეშე ვერ განხორციელდებოდა, წარმატებული ვერ იქნებოდა.
ასევე მადლობა მინდა გადავუხადო უამრავ ქართველი თუ უცხოელ სპეციალისტს რომელიც ჩართული იყო ამ საქმიანობაში – ინჟინრებს, მშენებლებს, გეოლოგებს, ჰიდროლოგებს, გეოტექნოლოგებს. თითოეული ამ ადამიანის წვლილი პროექტის წარმატებით განხორციელებაში არის განსაკუთრებული, კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ამ ძალიან წარმატებული პროექტის განხორციელება და მომავალშიც წარმატებები გისურვოთ“. – განაცხადა პრემიერმა.