რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, მეშვიდე მოწვევის საკრებულოს რიგით N 33 სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბერიძე უძღვებოდა.
საკრებულოს დეპუტატების გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა შპს ,,რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოსთვის“ საჯარიმო ქვითრის შედგენის უფლებამოსილების მინიჭებისა და შესაბამისი საჯარიმო ქვითრის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესში.
დამტკიცდა რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის N61 -ე და 2021 წლის 25 ნოემბრის N285 -ე დადგენილებებში შეტანილი ცვლილებები და მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულება.
მერიის ადმინისტრაციის უფროსის მიხეილ მუზაშვილის განცხადებით, ტექნიკური ხასიათის ცვლილებები ძირითადად შეეხება გარე რეკლამის სანებართვო პირობებს, ვანდალიზმის, გარე ვაჭრობის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტების, სამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანების გამოვლენას და სხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ასევე განისაზღვრა საჯარიმო ქვითრის ჩაბარების მისამართი – მეგობრობის ქუჩა N 20 ბ.
საკრებულოს სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული ფრაქციებში „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „რუსთავი საქართველოსთვის“ განხორციელებული ცვლილებები. ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების გიგა ვეფხვაძის – საფინანსო -საბიუჯეტო კომისიის და ამირან ჯანჯღავას – სამადატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიების თავმჯდომარეებად არჩევის გამო, მათ დატოვეს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია. აღნიშნულ თანამდებობებზე ფრაქციის წევრები მიხეილ ბერუაშვილი და ბადრი მაჭავარიანი აირჩიეს.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარედ შავლეგო მანდარია, ხოლო ფრაქციის მოადგილეებად ლაშა დიდია, კახაბერ ყეენიშვილი და გიორგი მღებრიშვილი აირჩიეს. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 16 აპრილს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა ფრაქციის თავმჯდომარე ზურაბ ბერაძემ.
ფრაქციის დატოვების თაობაზე საჯარო განცხადებები გააკეთეს ალექსანდრე ბერიძემ, ვაჟა მორგოშიამ და ნინო სულაძემ. პოლიტიკურ საქმიანობას პარტია „ლელოში“ გააგრძელებს ნინო სულაძე.
ფრაქცია „რუსთავი საქართველოსთვის“ ინფორმაციით, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე არჩეულ იქნა ფრაქციის წევრი ზაზა ჯაიანი.
სხდომას არ ესწრებოდნენ ფრაქცია „რუსთავი საქართველოსთვის“ წევრები.
სხდომაზე იმყოფებოდნენ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, თუმცა მათ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი არ დაუჭირეს.