საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონებს ახალი ნაგავმზიდები გადაეცათ.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ნიკა ტყემალაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დავით ნოზაძე, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში, გიორგი ალადაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბესიკ ამირანაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში, ლევან ხარაბაძე და კომპანია “ჯითის” წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებისთვის შეძენილია 82, 10 და 16-კუბიანი „ივეკოს“ ფირმის ნაგავმზიდები, რომლებიც საქართველოს 49 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ქვემო ქართლის შვიდივე მუნიციპალიტეტში, გადანაწილდება. ნაგავმზიდების შესყიდვა ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდა, მათი ჯამური ღირებულება 33 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებში არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, კვლავ გაგრძელდება ახალი ნაგავმზიდების შეძენა. შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის გამარჯვებულმა კომპანიამ „ჯითი გრუპმა“ 48 ერთეული ნაგავმზიდი საქართველოში უკვე ჩამოიყვანა. პროცესი გრძელდება და მომდევნო თვეების განმავლობაში ტექნიკა ეტაპობრივად ჩამოვა საქართველოში.
ნაგავმზიდები არის სხვადასხვა წარმადობისა და სხვადასხვა რელიეფისთვის განკუთვნილი, მათ შორის აღსანიშნავია მძიმე პირობებისთვის გათვლილი 4X4 -ზე ავტომობილები, რომლებიც განკუთვნილია მაღალმთიანი რეგიონებისთვის, სადაც მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, აუცილებელია მსგავსი ტიპის სატვირთო ავტომობილების გამოყენება, რათა მათ ყველა სეზონსა და ყველა კლიმატურ პირობებში შეძლონ ოპერირება.