პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

რამდენიმე საათიანი განხილვის შემდეგ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

 

„პირველი, კენჭი ეყრება პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ, დავარქვათ, ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებს. ვინმე ხომ არ არის მომხრე მხარი დაუჭიროს? რა თქმა უნდა, არა. არავინ არ არის მომხრე. ოპოზიციის წარმომადგენლებიც არ არიან, ოპოზიციაც არ უჭერს მხარს, როგორც ჩანს.

კენჭისყრაზე უნდა დავაყენოთ ასევე ის პირვანდელი რედაქცია, რომლითაც ჩვენ მივიღეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით. ვინ არის მომხრე, რომ დავუჭიროთ მხარი? გმადლობთ, ვეტო დაძლეულია კომიტეტზე. შესაბამისად, ეს საკითხი დასრულებულია“, -განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

 

პრეზიდენტმა პარლამენტს მხოლოდ ერთი პუნქტი შესთავაზა – კანონი გაუქმებულიყო ამოქმედებიდან უმოკლეს ვადაში, მომდევნო დღესვე.