უცხო ქვეყნის მოქალაქე „ნაიკის“ ფალსიფიცირებულ ფეხსაცმელებს ამზადებდა და ყიდდა, საამქრო თბილისში ჰქონდა მოწყობილი

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების ფაქტზე მხილებულ იქნა უცხო ქვეყნის მოქალაქე

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა უცხო ქვეყნის მოქალაქე.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს ქ. თბილისში მოწყობილი ჰქონდა საამქრო, სადაც, დაქირავებული პირების მეშვეობით, ახდენდა მის მიერ, საზღვარგარეთიდან იმპორტირებულ იაფფასიან სპორტულ ფეხსაცმელებზე „ნაიკი“-ს ბრენდის სასაქონლო ნიშნის დატანას და შემდგომ რეალიზაციას.

 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის მფლობლობაში არსებული საამქროდან და მაღაზიიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული, „ნაიკი“-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 28 ათას ცალზე მეტი სპორტული ფეხსაცმელი, ასევე 61 563 ცალი „ნაიკი“-ს ლოგო.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2- წლამდე ვადით.