შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 77 პირი დააკავა, მათგან 23 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების გატარებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად გამოვლენილი იქნა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული. კერძოდ ამოღებული იქნა ბანანით დატვირთულ საზღვაო კონტეინერში ფარულად მოთავსებული 52 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში ტრანზიტული გზით, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ.ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ნარკოტრანზიტში ჩართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გამოვლენისა და მათი დაკავების მიზნით.

ასევე, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ აღმოჩენილი და განეიტრალებული იქნა ერთ-ერთი მსხვილი ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია, რომელიც ე.წ. შავი ბაზრის 50 პროცენტზე მეტს ამარაგებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლების მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო პერიოდში, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 77 პირია დაკავებული მათ შორის 23 ნარკორეალიზატორია.

დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე, ირანის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის და ნიგერიის მოქალაქეები.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.