26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. წელს დამოუკიდებლობის დღის მთავარი სლოგანია „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს 18 ქალაქში გაიმართება.

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ზუსტად 1918 წლის 26 მაისს მიიღო. 26 მაისს ქვეყანა 1991 წლიდან აღნიშნავს და ამით 1918 წლის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს იხსენებს – საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებას. ეროვნული საბჭოს მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას მოგვიანებით წითელი არმიის შემოჭრა და ქვეყნის ანექსია მოჰყვა. მთავრობა და დამფუძნებელი კრების წევრთა უმრავლესობა კი, ემიგრაციაში წავიდა.