„დარწმუნებული ვარ, მომიტინგეები დღესაც აუცილებლად გადავლენ ძალადობაზე. ამისთვის მობილიზებული ჰყავთ 300-კაციანი საგანგებო ძალადობრივი ჯგუფი”– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს არის ამ ე.წ. ახალგაზრდული ორგანიზაციების ჯგუფები, რომლებსაც არსებითად აფინანსებენ კეზერაშვილი, ასევე ხაზარაძეს ჰყავს პატარა დაჯგუფება. არიან ასევე კონკრეტული დაჯგუფებები, რომლებიც კონკრეტული წყაროებიდან იღებენ დაფინანსებას, რაც გახდება გამჭვირვალე ამ კანონის მიღების შემდეგ. ეს 300-კაციანი დაჯგუფებების ერთობლიობა დღესაც გადავა ძალადობაზე. წარმოვიდგინოთ იგივე სცენარი, არის სპეცრაზმი, რომელსაც დაუშენენ ქვებს, შუშის ბოთლებს, გადავლენ პირდაპირ ხელჩართულ დაპირისპირებაზე, რა უნდა გააკეთოს სპეცრაზმმა ამ დროს?
რაც შეეხება გადაცდომებს, იყო რამდენიმე ძალიან სამწუხარო ინციდენტი, როდესაც, მაგალითად, გაუსწორდნენ კონკრეტულ მომიტინგეებს. იქაც ძალიან რთულია პოლიციელებისთვის მოთმენა, როცა მოდის კონკრეტული მომიტინგე და სახეში გაფურთხებს. ყველა ვერ უძლებს ამას. უმეტესობამ გაუძლო, 100-დან ერთმა ვერ გაუძლო და ამიტომ იყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, კობახიძის თქმით, მძიმე დაზიანებები აქვს და ამ ფაქტს შესწავლა სჭირდება.
„ხაბეიშვილის შემთხვევას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, დაზიანებები არის ძალიან მძიმე და მას სჭირდება ბუნებრივია, შესწავლა. ეს არის ყველაზე სამწუხარო ინციდენტი, მთელი ამ გუშინდელი დღის განმავლობაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იყო ცალკეული ინციდენტები, მაგრამ რაც შეეხება შეკრების ძალადობრივ ხასიათს, კანონის მიხედვით და კანონის მიღმაც, ვერავითარ შემთხვევაში ვერ დადგება ეჭვქვეშ და ის, რომ იძულებული იყო სპეცრაზმი, გამოეყენებინა შესაბამისი ზომები, ესეც ვერავითარი ფორმით ვერ დადგება ეჭვქვეშ. როცა დღეს ქვებს, შუშის ბოთლებს დაუშენენ სპეცრაზმს, იგივე ზომების გამოყენება დასჭირდება, წყლის ჭავლი, აირი და ნებისმიერი სხვა ზომა, რაც გათვალისწინებულია პროპორციულობის პრინციპით“ – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, „თუ ჩვენ არ გავარღვევთ ამ ე.წ. პოლარიზაციის და რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეს, ამ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა”
„რეალურად მარტივად არის საქმე. კონკრეტული ძალებისთვის პოლარიზაცია, რადიკალიზმი არის საკუთარი ინტერესების რეალიზების მთავარი ინსტრუმენტი და ამ კუთხით „ენჯეოების“ გაუმჭვირვალობა მათთვის ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს. სწორედ „ენჯეოების“ გაუმჭვირვალობა აძლევს მათ საშუალებას, რომ საქართველო დატოვონ ე.წ. პოლარიზაციის, იგივე რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეში. სწორედ იმიტომ ეწინააღმდეგებიან შესაბამისი ძალები გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას, რომ მათ სურთ ქვეყანა მუდმივად ამყოფონ რადიკალიზმის რეჟიმში და ე.წ. პოლარიზაციის რეჟიმში.
კიდევ ერთხელ გავიხსენებ, თქვენ გახსოვთ რა ხდებოდა 2020 წლის ბოლოს, რა ხდებოდა 2021 და 2022 წელს, შემდეგ 2023 წელს. 3 წლის გამავლობაში ქვეყანა იყო მუდმივი რევოლუციური სცენარების განხორციელების მცდელობის პირობებში და ეს აწყობთ კონკრეტულ ძალებს, მაგრამ ეს არ აწყობს ქართულ სახელმწიფოს და ეს არ აწყობს, რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებას. შესაბამისად, იმისათვის, რომ ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში დავამშვიდოთ ეს ქვეყანა, არის აუცილებელი ამ კანონის მიღება. იქნება, რა თქმა უნდა, აქციები დღეს, მესამე მოსმენის დროს, ვეტოს გადალახვის დროს, თუმცა ჩვენ თუ გავიტანთ ყველაფერს და რა თქმა უნდა, გავიტანთ ამ კანონს, ამ შემთხვევაში იქნება რამდენიმედღიანი დისკომფორტი, თუმცა ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში წლობით დავაზღვევთ ამ ქვეყანას პოლარიზაციისგან და რადიკალიზმისგან. ეს არის ძალიან პრინციპული ეროვნული ამოცანა. თუ ჩვენ არ გავარღვევთ ამ ე.წ. პოლარიზაციის და რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეს, ამ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ გვჭირდება სწორედ ამ ე.წ. პოლარიზაციის დაძლევა და ვითარების დამშვიდება იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა, სიმშვიდე და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია“ – განაცხადა პრემიერმა









