ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი პროგრამების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მოისმინა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი პროგრამების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მოისმინა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი პროგრამების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მოისმინეს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, მუდმივად მიმდინარეობდეს მსჯელობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სხვადასხვა სერვისების მიწოდებასა და ხარისხზე, რადგან დროთა განმავლობაში მოცემულობები იცვლება.

„სახელმწიფო ადამიანის უფლებებს იცავს, ძირითადად, სერვისების სახით. კერძოდ, ეს სერვისები რამდენად პასუხობს იმ საჭიროებებს, გამოწვევებსა და ინტერესებს, რომელიც ამა თუ იმ სამიზნე ჯგუფებს გააჩნიათ. ამ შემთხვევაში, საუბარია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, როგორც არასრულწლოვანებზე, ასევე ზრდასრულებზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მუდმივად გვქონდეს მსჯელობა ამ საკითხებზე, რადგან დღეს დანერგილი სტანდარტი, რომელიც საკმაოდ მაღალია, ხვალ შეიძლება არ იყოს ადეკვატური იმ გამოწვევების, რომელიც დგება დღის წესრიგში, ვინაიდან სერვისების საჭიროებებზე მორგება დღითიდღე იხვეწება და იზრდება. საჭიროა, გვქონდეს სრული სურათი, რომ შემდეგ გადაწყვეტილებები მაქსიმალურად იყოს ისეთი, რომელიც უფრო მეტ პირთან უფრო სწრაფად და ეფექტურად მივა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეხვედრაზე იმსჯელეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამასა და ქვეპროგრამებზე, რომელსაც რატი იონათამიშვილის შეფასებით, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ შშმ პირებისთვის უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი პირობები, გარემო და შესაძლებლობები.

კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, უახლოეს ხანში დაიწყება 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე მუშაობა და მნიშვნელოვანია, მასში ადეკვატურად აისახოს შშმ პირებთან მიმართებით ასიგნებები.

„ყოველწლიურად განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სახელმწიფო პროგრამას და ქვეპროგრამებს, რომ მისი ბიუჯეტი იზრდებოდეს. პოზიტიური სტატისტიკა არ არის მხოლოდ ციფრები, ამ ერთეულებში ჩანს თითოეული მოქალაქე, რომელიც ერთვება პროგრამაში. ჩვენ ამ სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი ჩავიბარეთ, რომელიც დაახლოებით, 17 მლნ. ლარი იყო და დღეს არის 77მლნ. ლარი, ანუ 4,5-ჯერ არის გაზრდილი ეს პროგრამა“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.