ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2024 თბილისში დღეს გაიხსნა.
სამდღიანი ფესტივალი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და გამოფენების ცენტრი „ექსპოჯორჯიას“ ორგანიზებით იმართება და მასში მსოფლიოს 8 ქვეყნის 200-მდე კომპანია მონაწილეობს.
გამოფენაზე წარმოდგენილია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი დიდი და საშუალო კომპანიები, მცირე მარნები, ასევე ღვინის ტექნოლოგიები, შესაფუთი მასალები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სანერგეები, მინა, აქსესუარები და სერვისები.
ღონისძიება ოფიციალურად გახსნეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ, გამოფენების ცენტრი „ექსპოჯორჯიას“ დირექტორმა რესან ქიქავამ და ბრიტანელმა ღვინის მაგისტრმა ტიკ ატკინმა.
„მსგავსი გამოფენები და ღონისძიებები საუკეთესო პლატფორმას წარმოადგენს ღვინის პოპულარიზაციისთვის, სადაც დაინტერესებულ კომპანიებს, იმპორტიორებსა და მეწარმეებს აქვთ საქმიანი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა. გამოფენის მასშტაბი, მონაწილე კომპანიების და ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც ადასტურებს გამოფენის პრესტიჟულობას და ქართული ღვინისადმი გაზრდილ ინტერესს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ღვინის ინდუსტრია სწრაფად ვითარდება, იქმნება ღვინის მწარმოებელი ახალი კომპანიები, ინერგება ახალი ტექნოლოგიები და იწარმოება მაღალი ხარისხის ღვინო, ყოველწლიურად იზრდება ქართული ღვინის ექსპორტიც. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება მომავალშიც“, – აღნიშნა იური ნოზაძემ გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე.
აღსანიშნავია, რომ გამოფენის WinExpo Georgia 2024 ფარგლებში, რიგით მე-14 საერთაშორისო ღვინის კონკურსი Georgia International Wine Award გაიმართება – ღვინის საერთაშორისო ექსპერტები 220-მდე ღვინოს შეაფასებენ. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 7 კატეგორიაში. გაიცემა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები. კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეა ღვინის მაგისტრი, ღვინის მწერალი (Wine Writer), ჰარპერსის, დეკანტერის და მრავალი სხვა გამოცემის ავტორი ტიმ ატკინი (დიდი ბრიტანეთი).
გამოფენა 7-9 ივნისს, გამოფენების ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ ტერიტორიაზე იმართება.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.