პრემიერ-მინისტრმა ჯარის ბანაკი გახსნა

ჯართან შეხება და სამხედრო საქმის გაცნობა მოგცემთ შესაძლებლობას, მეტად ეზიაროთ იმ ფასეულობებს, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყანა და უნდა იდგეს ჩვენი საზოგადოება, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პროექტ „ჯარის ბანაკის“ მონაწილეებს.

 

კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში, პროექტი „ჯარის ბანაკი“ მთავრობის მეთაურმა დღეს ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად გახსნა.

 

პრემიერმა პროექტის მონაწილეებს ბანაკის გახსნა მიულოცა და ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას, რომელიც მოსწავლეებს ჯართან უშუალო შეხებისა და სამხედრო საქმის გაცნობის საშუალებას აძლევს.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია უშუალო შეხება ჯართან. ჯარი არის ჩვენი სიამაყე და ჯარი არის ჩვენი ისტორია. ჯარი არის ის, რამაც დღემდე მოიტანა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და იდენტობა. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულად ფასეულია ის, რომ ამ დღეების განმავლობაში ჯართან, უშუალოდ ჯარისკაცებთან შეხების და სამხედრო საქმის გაცნობის საშუალება გექნებათ“, – მიმართა პრემიერმა ახალგაზრდებს.