საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის 2025 წლის ბიუჯეტზე იმსჯელა და მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის 2025 წლის ბიუჯეტზე იმსჯელა და მხარი დაუჭირა.

პარლამენტის მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებები კომიტეტის წევრებს პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილემ შოთა გოშაძემ გააცნო.

მისი ინფორმაციით, პარლამენტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი წინადადებების, არსებული და საპროგნოზო ტენდენციების გათვალისწინებით იქნა შემუშავებული.

„წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტით პარლამენტში მომუშავეთა რიცხოვნობა მომავალ წელსაც უცვლელი იქნება და ის 708 ერთეულს შეადგენს. პარლამენტის 2025 წლის ბიუჯეტის საპროგნოზო მოცულობა შეადგენს 87 მილიონ 300 ათას ლარს. მომავალი წლის ბიუჯეტი, 2024 წელთან შედარებით, 15,5 მლნ ლარით იზრდება, რომელიც გადანაწილდება სხვადასხვა მუხლებზე“, – განაცხადა შოთა გოშაძემ.

პარლამენტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი, პარლამენტში დამტკიცების შემდეგ წარედგინება მთავრობას „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში გასათვალისწინებლად.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2025 წლის საბიუჯეტო განაცხადი 125 მლნ 348 ათას ლარზე გააკეთა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი შარაბიძის განცხადებით, ის სრულ თანხვედრაშია კანონმდებლობით დაწესებულ ფინანსურ ჭერთან მიმართებაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საბიუჯეტო განაცხადი ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ კომიტეტს საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა ცოტნე ყავლაშვილმა გააცნო.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტი მომავალ წელსაც უცვლელად იქნება შენარჩუნებული და 23 მლნ 862 ათას ლარს შეადგენს.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ 2025 წლის საბიუჯეტო განაცხადი 14 მლნ 697 ათას ლარზე გააკეთა. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის, კონსტანტინე გამსახურდიას ინფორმაციით, ეს თანხა მილიონ 860 ათასი ლარით მეტია 2024 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტზე.

არ იცვლება საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს 2025 წლის ბიუჯეტი, რომელიც 639 100 ლარს შეადგენს. კომიტეტის სხდომაზე საბიუჯეტო განაცხადის პროექტი აღნიშნული საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა გონგაძემ წარადგინა.

2025 წელს ასევე არ შეიცვლება სსიპ – საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის ბიუჯეტი. კვლევითი ცენტრის დირექტორი ეკატერინე ქარდავას განცხადებით, ცენტრმა ისევე, როგორც წელს, საბიუჯეტო განაცხადი მილიონ 304 ათას ლარზე წარადგინა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ყველა უწყების საბიუჯეტო განაცხადს მხარი დაუჭირა