ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა ვენაში, ევროპის ცენტრალური ბანკების თანამშრომლობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
შეხვედრა ცენტრალური ბანკების ევროპული სისტემის (ESCB) ეგიდით შედგა და საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა.
ეროვნული ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის ქვეყნების ეროვნული ბანკებისა და კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ედილაშვილმა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მიმდინარე ტექნიკური დახმარების პროექტები გააცნო.
მან ასევე ისაუბრა ევროკავშირთან და წევრი ქვეყნების ეროვნულ ბანკებთან სხვადასხვა მიმართულებით დამატებით თანამშრომლობაზე და ხაზი გაუსვა თანამშრომლობის მნიშვნელობას.
„საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, რომლის ფარგლებშიც დეტალურად მიმოვიხილეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან სამომავლო თანამშრომლობა. გადაწყდა, რომ სხვადასხვა მიმართულებით გავაგრძელებთ საქმიანობას ახალი პროექტების განსახორციელებლად“, – აღნიშნა ედილაშვილმა.