საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომა ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებზე საუბრით დაიწყო, რამაც მთავრობას ბიუჯეტის 360 მილიონი ლარით გაზრდის შესაძლებლობას მისცა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გაზრდილი ბიუჯეტი ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, თავდაცვის სფეროებსა და რეგიონული განვითარების მიმართულებაზე გადანაწილდება.
გარდა ამისა, პირველი ივლისიდან მასწავლებლების შრომის ანაზღაურების ახალი სქემა ამოქმედდება, რომლის მიხედვით 37 000 მასწავლებელს, რაც მასწავლებლების კონტინგენტის 70%-ია, ანაზღაურება გაეზრდება სულ მცირე 500 ლარით, მათ შორის, მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას შრომის ანაზღაურება 800 ლარით გაეზრდება.
პრემიერი სხდომაზე ტურიზმსა და ავიაციაში არსებულ რეკორდულ მაჩვენებლებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კვარტალურ ჭრილში ქვეყანამ ტურიზმიდან რეკორდული შემოსავალი – 808 მილიონი დოლარი მიიღო და მილიონ 300 ათას საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა. რაც შეეხება ავიაციას, ზაფხულის სეზონზე 13 600 ავიარეისი შესრულდება, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმია.
ბატონი ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედების კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მაგალითი – ასე შეაფასა ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის შეძენა და ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებამ წლების განმავლობაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, შენარჩუნებაში და შესაბამისად – ჩვენი იდენტობის დაცვასა და შენარჩუნებაში, რისთვისაც ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
პრემიერ-მინისტრმა წარმატებები უსურვა საქართველოს ნაკრებს, რომელიც ხვალ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას იწყებს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პირველად ისტორიაში, ხვალ ევროპის ჩემპიონატზე უმაღლესი რანგის საფეხბურთო ტურნირზე აღიმართება საქართველოს დროშა, აჟღერდება საქართველოს ჰიმნი, რაც წარმოუდგენელი ემოციაა. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ჰყავს საამაყო ფეხბურთელები და მათ გამარჯვება უსურვა.