ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომა ქვეყნის მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე საუბრით დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომა ქვეყნის მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე საუბრით დაიწყო.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 11,8 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარ-აპრილის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9 პროცენტი იყო, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირვანდელ პროგნოზს მნიშვნელოვნად აღემატება.
ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა სიღარიბის განახლებულ მონაცემებზე, რომლის თანახმად, 2023 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის მაჩვენებელმა შეადგინა 11,8 პროცენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში, სიღარიბე 700 ათასამდე მოქალაქემ დაძლია.
პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა ანაკლიის პორტის პროექტზე კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესს. პროექტის პირველი ფაზის საორიენტაციო საინვესტიციო მოცულობა 600 მლნ აშშ დოლარია და მისი დასრულების შემდეგ პორტი 600 000 კონტეინერს მიიღებს.
ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა ჩინეთთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებაზე და აღნიშნა, რომ 30 მაისიდან ჩინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების რაოდენობა გაორმაგდა.
ამასთან, დღეს მთავრობამ განიხილა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც 2000-მდე მოქალაქეს კოვიდ-პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება. პრემიერ-მინისტრის თქმით, ჯარიმისგან გათავისუფლდება 1 855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი, თანხის ჯამური მოცულობა კი 5 მლნ 600 ათასი ლარია.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე საქართველოს სპორტსმენებს მსოფლიო ასპარეზზე მიღწეული წარმატებები მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს ორი კვირაც იმის თვალსაჩინო დასტურია, რომ სპორტი აღმავლობის გზაზეა და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა მომავალში მათ საქართველოს კიდევ უფრო მეტი წარმატება და გამარჯვება აჩუქონ.
მთავრობის მეთაური კიდევ ერთხელ გამოეხმაურა გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებს და განაცხადა, რომ კანონის მიღებით ქვეყნის სუვერენიტეტმა და უსაფრთხოებამ გაიმარჯვა.