რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების 53-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა გალადაჯილდოების ცერემონია. წელს პირველად დაწესდა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ყოფილი პრეზიდენტის, იანეშ კოჩიანჩიჩის, სახელობის სპეციალური ჯილდო ევროპული თამაშების საუკეთესო ქალი და მამაკაცი სპორტსმენებისთვის.
2023 წლის მესამე ევროპული თამაშების საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად დასახელდა და იანეშ კოჩიანჩიჩის სახელობის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი, ევროპული თამაშების გუნდური გათამაშების გამარჯვებული ლაშა ბექაური.
ჯილდო ძიუდოისტს გადასცეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა.
დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ევროპის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელი პირები.