რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
სხდომაზე დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე აირჩიეს.
აღნიშნული თანამდებობები ვაკანტური 18 აპრილის შემდეგ გახდა.
ფარული კენჭისყრის შედეგად, საკრებულოს 20 დეპუტატიდან, უმრავლესობით, 18 დეპუტატის მხარდაჭერით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა – მარი ლიპარტელიანმა დაიკავა, ხოლო სოციალურ საკითხთა კომისიას – ლელა ლუარსაბიშვილი უხელმძღვანელებს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი მარი ლიპარტელიანის კანდიდატურა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, პროცედურის თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ბერიძემ წარადგინა, ხოლო სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ლელა ლუარსაბიშვილის კანდიდატურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ლაშა ჩოფლიანმა დაასახელა.
სხდომას არ ესწრებოდნენ და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ფრაქციების „რუსთავი საქართველოსთვის“ სამმა და „ერთიანი ნაციაონალური მოძრაობის“ თერთმეტმა წევრმა.
დღესვე, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რიგი საკითხები განიხილეს და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს.
ცვლილება შევიდა შპს ,,რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოსთვის“ საჯარიმო ქვითრის შედგენის უფლებამოსილების მინიჭებისა და შესაბამისი საჯარიმო ქვითრის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესში.
ცვლილებების მიხედვით, მერიის ადმინისტრაციის უფროსის მიხეილ მუზაშვილის განცხადებით, მუნიციპალური ავტოტრანსპორტის ტერიტორიაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება შპს „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს“ მიენიჭა.
დამტკიცდა ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე, მშენებლობის მიზნით, შპს „როიალ რუსთავი ქონსთრაქშენ“-ის და რამდენიმე მოქალაქის მიერ წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტები.
დეპუტატების გადაწყვეტილებით, N6 საჯარო სკოლას გიორგი ჭყონდიდელის სახელი მინიჭა.
საკრებულოს სხდომის ფარგლებში, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბერიძე უძღვებოდა, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწილებული ცამეტი საკითხი განიხილეს.