ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს.

 

სამართალდარღვევები აღკვეთილია რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, გურიაში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში.

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშარში მოქალაქე მდინარე რიონზე ელექტროშოკური მოწყობილობისა და ჩოგანბადეების გამოყენებით ახდენდა თევზჭერას და სვადასხვა სახეობის 3კგ თევზი ჰქონდა მოპოვებული.

 

უკანონო თევზჭერისას იგივე აკრძალულ საშუალებას იყენებდა მოქალაქე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს მიმდებარედ, მდინარე ნატანებზე.

 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, მოქალაქე ელექტრშოშოკური მოწყობილობით გასაბერი ნავიდან ახდენდა უკანონო თევზჭერას. სამართალდამრღვევს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული ხრამულის სახეობის 8 კგ. თევზი.

 

ასევე 8 კილოგრამი სხვადასხვა სახეობის თევზი მოიპოვა ელექტყროშოკური მოწყობილობის გამოყენებით მოქალაქემ მარნეულის მუნიციპალიტეტ სოფელ ლეჟბადინის მიმდებარედ, მდინარე ხრამის კალაპოტიდან. ბრაკონიერი არ დაემორჩილა ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მიიმალა. სამართალდამრღვევი შსს მარნეულის სამმართველოს თანამშრომლებმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

 

ვინაიდან ოთხივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.